- საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთითა და მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება- „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხელს უწყობს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების პროგრამების განვითარებას და გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარებას.
უწყების ცნობით, პროექტი საპილოტედ ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში და მისი ერთ-ერთი ამოცანაა გამოცდილების გაზიარების პლატფორმის დაარსება.
პლატფორმის კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტი კახა გურგენიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი-ნინო დავითაშვილი ესტუმრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს,თამარ ბელქანიას და დეტალურად გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები.
შეხვედრაზე თამარ ბელქანიამ სტუმრებთან ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე,რომლებიც უშუალოდ ბავშვებსა და ბავშვიან ოჯახებს უწყობს ხელს.მათ შორის ისაუბრა პირველკლასელთა კვების პროგრამის ამოქმედებასა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედების საკითხებზე.
თამარ ბელქანიამ სტუმრებს მხარდაჭერა აღუთქვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე.