ახალგაზრდა მეგრელი მეღვინის გზა ადესადან-ოჯალეშამდე

  • ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გელა გვასალია “ღვინის კლუბის“ წევრებმა 6-7 წლის წინ გაიცნეს. შემდეგ გელა სამეგრელოს, კერძოდ მშობლიურ წალენჯიხას დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. გელა პროექტ „ღვინის სოფელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და არ ტოვებს არც ერთ ლექცია-სემინარს, რომელსაც „ღვინის კლუბის“ ექსპერტები სამეგრელოში ატარებენ. ჩვენი საუბარი „ღვინის სოფლის“ პარტნიორი მარნის, „ტალერის ვენახების“ სასემინარო სივრცეში შედგა. აღნიშნული პროექტი „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ხორციელდება.

გელა გვასალია, ენთუზიასტი მევენახე-მეღვინე: „ღვინოსთან შეხება მქონდა თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე. სახლში მუდამ ვაყენებდით ღვინოს, თუმცა მარანი არასოდეს გვქონია. ჩემი ბავშობიდან ძირითადად ვაყენებდით თეთრ ადესას და ეს წარმომედგინა საუკეთესო ღვინოდ. წარმოშობით წალენჯიხის სოფელ მედანიდან ვარ და როდესაც ხალხი ამას იგებდა, ყველა მეუბნებოდა, რომ ჩვენი მხრის ადესა განთქმული იყო. მაშინ ჰიბრიდულ ჯიშებზე ცხადია არ გვქონდა სათანადო წარმოდგენა.

რამ განაპირობა მევენახეობა-მეღვინეობით თქვენი სერიოზულად დაინტერესება?

-მეღვინეობით ჩემს დაინტერესებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ღვინის კლუბმა“. კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გავიცანი მწერალ ზურაბ ქარუმიძის წიგნის, „ჯაზის ცხოვრების“ პრეზენტაციაზე. მერე ვესწრებოდი „ღვინის კლუბის შეხვედრებს“ და არ ვაცდენდი „ახალი ღვინის ფესტივალებს“. მაშინ თბილისში ვცხოვრობდი. როდესაც საცხოვრებლად სამეგრელოს დავუბრუნდი, გამიჩნდა კითხვები ადესასთან მიმართებაში და მოვინდომე მეგრული ჯიშების აღდგენა. მაშინ ერთადერთი მეგრული ჯიში, რაც გამეგო, იყო ოჯალეში. ოჯალეში, როგორც იცით, ძირითადად მარტვილთანაა ასოცირებული და სწორედ მარტვილში დამაკავშირეს ერთ მენერგეს, რომელმაც მირჩია გავცნობოდი მაქსიმე რამიშვილის ნაშრომებს. როდესაც სახელი „მაქსიმე რამიშვილი“ ჩავწერე ინტერნეტის საძიებო პროგრამაში, ეგრევე vonoge.com და გაციფრულებული წიგნების განყოფილება ამოაგდო. პირველად წავიკითხე „აჭარის, გურიის და სამეგრელოს ვაზის ჯიშები“. სწორედ იმ წიგნით გავიგე ცნობილი მეგრული ვაზის ჯიშების შესახებ. ეს მოხდა 2015 წელს.

თქვენს ვენახში მეგრული ვაზის რომელი ჯიშები გააშენეთ?

-თავიდან სულ რამდენიმე ათეული ძირი ოჯალეში ვიყიდე და წალენჯიხის სოფელ მედანში ჩემს ეზოში დავრგე. პარალელურად, დავიწყე იქ ნიადაგის შესწავლა. ჩემს ეზოში ახალშენი ვენახის გვერდით იყო ოჯახის კუთვნილი პატარა ბოსტანი, რომელიც ჩემს ოჯახს დიდი ჩხუბით „წავართვი“ და იმ ადგილას დამატებით კიდევ გავაშენე ოჯალეში. ახლა უკვე ცოტა ღვინოს ვწურავ და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო მეტ მასშტაბს მივცემ. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ვისაც კი გავასინჯე ჩემი ოჯალეში, ყველას მოსწონს და მიქებს ღვინოს. ახლა ვაპირებ ჭვიტილურის გაშენებას. მაქვს ნახევარი ჰექტარი, მაგრამ ვხედავ, რომ ეს მიწა სავენახედ არ გამოდგება და მოსაძიებელი მაქვს ვენახისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი მიწა.

სამომავლოდ აპირებთ ღვინის ტრადიციულ ქვევრებში დაყენებას?

– მე სერიოზულად ვფიქრობ მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით განვითარებას. ერთადერთი რაც მაფიქრებს ისაა, რომ მომიწევს ამ საქმისთვის ბევრი დროის დათმობა. როგორც უკვე გიხარით, სოფელში ვცხოვრობ და აქ მუდმივად საჭიროა მყარი შემოსავლის წყარო. მაქვს მესაქონლეობის პატარა ფერმა, ვფიქრობ მეგრული ტრადიციული ყველი საკუთარი ბრენდით ვაწარმოო. ეს ყველაფერი ერთად დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, მეღვინეობაც ჩემი მთავარი საქმე უნდა გახდეს.
პირველად წელს ვიყიდე უჟანგავი ფოლადის ავზები. მომავალში ვაპირებ ქვევრების ჩარგვას. უბრალოდ იქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ მჭირდება გამოცდილება და ზუსტად უნდა ვიცოდე როგორი ქვევრის შეძენა მინდა და როგორ ღვინოს დავაყენებ. პროექტი „ღვინის სოფელი“ და ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები ძალიან მეხმარება და სწორედ გიორგი ბარისაშვილის და იაგო ბიტარიშვილის რჩევებით ვაპირებ სამომავლოდ ქვევრების შეძენას და ახალი მარნის აშენება-მოწყობას.

რამდენადაც ვიცი, ტურიზმის კუთხითაც აპირებთ განვითარებას. რამდენად დიდი პოტენციალი აქვს წალენჯიხას ტურიზმის მხრივ?

-ადრე ოჯახში მყავდა სტუმრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის ამბებზე იყვნენ სპეციალიზებული. მათ აინტერესებდა წალენჯიხის პოტენციალი სოფლის მეურნეობის კუთხით. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დაყენებული ჩემი ოჯალეში. გამოვიტანე სიმამრის დაყენებული მწვანე კახური, დოლის პური, მეგრული სულგუნი და ნადუღი. ამ ხალხმა გაიხედ-გამოიხედა და მითხრა, რომ ყველაფერი მქონდა ტურისტების მისაღებად. ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოში ვერ მოხდება ტურისტული კუთხით განვითარება საკუთარი ღვინის გარეშე. როდესაც წალენჯიხაში ტურიზმზე  მუშაობ და საკუთარი ღვინო გაქვს, ეს ათმაგად საინტერესოს გახდის შენს სახლს და ტურისტულ სივრცეს.

ჩვენთან წალენჯიხაში არის სოფელი ნაკიფუ (ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური სოფელი ლ.ს.). ეს სოფელი შედარებით გაშლილ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ვფიქრობ შეიძლება სამომავლოდ ბევრი ვენახი გაშენდეს. მიწაც და გარემოც სავენახედ შესაბამისია. ეს სოფელი ასევე ნახსენებია ერმილე ნაკაშიძის წიგნშიც. ნაკიფუს პოპულარობა სწორედ ერმილეს წიგნმა მოუტანა. მასზე არანაკლებია სხვა სოფლებიც და ღრმად მწამს, რომ ისინიც ტურიზმის და მევენახეობის ოაზისები გახდებიან“.

წყარო