კობა ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის, წალენჯიხელის, ჯგალის მკვიდრის კაპრალი კობა ხარჩილავას ხსოვნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. მხედრული მამაცობისთვის კი ის ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული.

ამავდროულად ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამოქალაქო პირების, ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიებისა და წალენჯიხის ყოფილი გამგებლის,აგვისტოს ომის მონაწილის, გიორგი მებონიას ხსოვნას და საფლავები თაიგულებით შეამკეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს