- გუშინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ის, ადგილობრივი კოალიციური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ამერიკის მთავრობის მიერ წალენჯიხაში განხორციელებულ პროექტების შესახებ ისაუბრა. მერმა, გიორგი ხარჩილავამ ელჩს წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მოუთხრო.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალბატონ კელის მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
კელი დეგნანი ასევე იმყოფებოდა მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც ტაძრის წინამძღვარმა,დეკანოზმა ანდრია კემულარიამ ამერიკის ელჩს საქართველოში გააცნო XII-ე საუკუნის ტაძრის ისტორია, ისაუბრა თითოეული ფრესკის მნიშვნელობაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია კემულარიამ და ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა ილია სარიამ გადასცეს ხატი ღვთისმშობლის კვართის გამოსახულებით და სანთლები.
ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანი შეხვდა USAID-ს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეებს და მათ მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა. დააგემოვნა სხვადასხვა სახის ყველი და მეგრულ-აფხაზური აჯიკა. მეწარმეებმა ამერიკის ელჩი დაასაჩუქრეს მათ მიერ შექმნილი ნაწარმითა და ხელოვნების ნიმუშებით.
დღის ბოლოს კი, ქალაქ წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამერიკული კუთხე გაიხსნა, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება.
დეგნანი ასევე შეხვდა ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში “ACCESS”-ის გაძლიერებული ინგლისური ენის სექტორის მოსწავლეებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კუთხის გახსნა დაეხმარება ახალგაზრდებს მეტი ცოდნა შეიძინონ.