წალენჯიხაში “დემოკრატიის ჰაბი” გაიხსნა

  • დღეს, წალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ახალი ოფისი-დემოკრატიის ჰაბი გახსნა.

დემოკრატიის ჰაბი იქნება ადგილი, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დემოკრატიული ჰაბის მისიის ნაწილია დაარსებული ბიბლიოთეკის შევსება, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო წიგნიერებას და ღია იქნება ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის.

მოქალაქეები შეძლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას, ექნებათ წვდომა თანამედროვე და კლასიკურ,ქართულ და უცხოენოვან, მხატვრულ და დარგობრივ ლიტერატურაზე. EECMD წალენჯიხაში პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს.

პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების პროგრამები;საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის,თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო, სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

დემოკრატიის ჰაბის გახსნასთან ერთად, EECMD აფართოებს პროექტს-Drive Democracy და აქამდე არსებული 5 ქალაქის ( თბილისი, გორი,ქუთაისი, თელავი და ბათუმი) გარდა, იწყებს მონაწილეების მიღებას წალენჯიხიდანაც.

Drive Democracy -ის პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ემსახურება რამდენიმე ძირითად საკითხს. ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, რის შემდეგაც მოქალაქეები სწავლობენ მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევასა და შესრულების კონტროლის მექანიზმს. ასევე, არჩეული თანამდებობის პირები აუმჯობესებენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხსა და ანგარიშვალდებულებას.

პროექტი, ასევე მიმართულია ზოგადად , პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.

კომენტარის დატოვება