წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია

  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ისევ ვერ მოხდა და სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო

დეპუტატები თანამდებობების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. საკრებულოს წევრებს პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა თანამდებობების გადანაწილების თავისი ფორმულა შესთავაზეს, რის თანახმადაც 4 თანამდებობა “ქართულ ოცნებას”, 4 – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 1- საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია მათ წარმომადგენელს უნდა დაეკავებინა.

“ჩვენი მოდელია საკრებულო დაკომპლექტდეს და ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი, თანამდებობები გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, ყველა მანდატის გადანაწილება მოხდეს მიღებული ხმების პროპორციულად. 27 მანდატია და 9 თანამდებობა, პროპორციულად სამ დეპუტატზე მოდის ერთი თანამდებობა, აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტში “ლელო” არ ჩაჯდა. “ნაციონალური მოძრაობიდან” იქნება პირველი მოადგილე, რადგან მათთვის სხვა მოადგილე მიუღებელია. ახლა “ლელოს” შემოთავაზებას განვიხილავთ, შევჯერდებით”,- განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გონერი კვარაცხელიამ.

აღნიშნულ შეთავაზებას არ ეთანხმება დანარჩენი ოპოზიცია. პარტია “ლელო- საქართველოსთვის” წევრი გიორგი დარსალია დეპუტატებს თავის ფორმულას სთავაზობს, რის მიხედვითაც სამივე პარტიას ექნება თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია.

„საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ღერძზე აწყობილი”,- განაცხადა “ლელოს” წევრმა გიორგი დარსალიამ.

რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან თანამდებობების “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის გადანაწილებას, თუმცა “ლელოს” მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებენ.

“ის მოდელი, რომელიც გახარიას პარტიამ შემოგვთავაზა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ფრაქციისთვის, ამიტომ ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთა ამ მოდელზე, ახალი ფორმულა შემოიტანა “ლელომ”, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ. განვიხილავთ პარტიაში და ალბათ მომდევნო საკრებულოს სხდომისთვის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განცახდა ენმ-ს წევრმა თემურ ქარდავამ.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია თანამდებობებს ვერ ინაწილებს.

“თანამდებობები უნდათ და ვერ იყოფენ თანამდებობებს. ჩვენ დავეხმარებით, ვასწავლით ბიუჯეტის ხარჯვა როგორ უნდა. წალენჯიხისთვის სასიკეთოდ ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით, ოღონდ ამათმა რამე გააკეთონ. განვიხილავთ მათ შემოთავაზებულ წინადადებებს”,- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა დავით ბელქანიამ.

წალენჯიხის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 11 დეპუტატი ჰყავს, ამდენივე “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიას “საქართველოსთვის” -3, “ლელოს” 1 დეპუტატი, 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

კომენტარის დატოვება