- ქ. წალენჯიხის ლევან II დადიანის საფლავის ქვის და აკლდამის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამასთან ერთად აღდგა ფერისცვალების ტაძარზე მეხის დაცემის შედეგად გუმბათის დაზიანებული ნაწილები.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფომაციით, სააგენტოს ზედამხედველობითა და სპეციალისტების ჩართულობით დასრულდა მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია.
“სარესტავრაციო სამუშაოები 2 ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგა ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები. აკლდამაში არსებული მიწისგან გამორჩეული ოსტეოლოგიური მასალა დასვენდა აკლდამაშივე. გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს.
მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობისას კი გაიწმინდა საფლავის ქვის დაზიანებული ნაწილები და მისი მთლიანობა აღდგა.
ლევან დადიანის საფლავის რეაბილიტაციაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა.
ამასთანავე, სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოეწყო არაინვენტარული ხარაჩო ტაძრის ჩრდილოეთ ფასადსა და გუმბათის ყელზე, გუმბათის დაზიანებული მონაკვეთის ირგვლივ მოიხსნა მორყეული ქვები, ბზარები გასუფთავდა და შეივსო პოლიმერცემენტის ხსნარით, ადგილზე დაბრუნდა მოხსნილი ქვები, ხოლო დაზიანებული ნაწილი ახლით ჩანაცვლდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა შპს “კირთხუროს” მიერ, რისთვისაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 7 912 ლარი გამოჰყო.
ინფორმაციისთვის: ქალაქ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი მდებარეობს ქალაქ წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე, მდინარე ჭანისწყლის მარცხენა მხარეს. იგი იყო ოდიშის სამთავროს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, დადიანთა საძვალე, XVII საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ეპარქიის ცენტრს. წალენჯიხის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ლევან II დადიანის აკლდამის, საფლავის ქვის რესტავრაცია და ქვის წარწერის შენარჩუნება 2023 წლის დეკემბერში წალენჯიხაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტისას ადგილობრივ სასულიერო პირებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამაგრდა ტაძრის საძირკველი და მოეწყო სადრენაჟო სისტემა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.