ლესალეს ზედა ციხესა და ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის, ლესალეს ზედა ციხესა და ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. სამუშაოები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სამუშაოებს იენის უნივერსიტეტის პროფესორი, ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგი ხელმძღვანელობს, რომელმაც, თავის ასისტენტებთან და ქართველ კოლეგებთან ერთად, გასულ წლებში, ლესალეს ციხეზე გათხრების ორი ეტაპი უკვე ჩაატარა.

მიმდინარე წელს, არქეოლოგიური სამუშაოები, ძირითადად, ზედა ციხეზე ჩატარდება. ექსპედიციის შემადგენლობაში, ჩართულები არიან როგორც იენის უნივერსიტეტის სტუდენტები-დომენიკ ფიშერი და ლაურა მეშნერი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – დოქტორანტი თორნიკე ჩილინგარაშვილი და სტუდენტი ნოდარ კუკავა.

დღეს, 5 სექტემბერს, ექსპედიციის წევრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანიას სტუმრობდნენ.

შეხვედრისას განხილულ იქნა, ექსპედიციის ორგანიზაციულ საკითხებში, მუნიციპალიტეტის ჩართულობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების აუცილებლობა

მერის მოადგილისა და ექსპედიციის წევრების მიერ გამოითქვა იმედი, რომ ლესალეს ექსპედიცია, წინა წლების მსგავსად, წელსაც წარმატებით დაასრულებს მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზედა ციხემდე მისასვლელი გზის შეკეთებას, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ლესალეს ციხე სიმაგრე უძველესია. ის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშია. ექსპედიცია მუშაობს, რომ პასუხი გასცეს კითხვებს: ვინ, როდის და რა მიზნით ააგო ეს საფორტიფიკაციო ნაგებობათა კომპლექსი.

+6