- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ძვირფასო წალენჯიხელებო, ძვირფასო ამომრჩევლებო. მოგახსენებთ, დღეს 9 მაისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა. დღეს ასევე ჩავატარეთ წალენჯიხის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის სხდომა და მინდა მოგახსენოთ ჩემი გადაწყვეტილება.
მე, ავთანდილ გაბელია წალენჯიხის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, უარს ვაცხადებ შიდაპარტიულ არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე, შესაბამისად ვტოვებ თავმჯდომარის თანამდებობას.
მიმაჩნია, რომ დღეს შიდაპარტიული არჩევნების ჩანიშვნისა და ხელოვნურად დაყოფის დრო არ არის, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ქვეყნის მომავალი გაურკვეველია.
ამ მძიმე დროს მნიშვნელოვანი იყო ყველა რესურსი ერთიანობისკენ ყოფილიყო მიმართული.
ბოლო პერიოში ნაციონალურ მოძრაობაში არაჯანსაღი პროცესები შეინიშნება, რაც აისახება თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერთა მიმართ დისკრიმინაციის შექმნისა და ტექნიკური რესურსების შეზღუდვაში შიდაპარტიული დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წალენჯიხის გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა და ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. დაამარცხა რა 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო პარტია, როგორც მერის, ასევე პარტიული შედეგით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.
დღეს, მე ვტოვებ პარტიულ თანამდებობას პარტიაში, რომლის განვითარებას არაერთი წელი მოვანდომე. ამასთანავე, ვრჩები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რიგით წევრად და აქტივისტად მიხეილ სააკავშვილის, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში. პარალელურად ვაგრძელებ საკრებულოში ხალხის მიერ მონიჭებული მანდატით პარტიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას.
მადლობა, თითოეულ წალენჯიხელ ამომრჩეველს გულწრფელი მხარდაჭერისთვის, ღმერთია მოწმე თქვენი ნდობა და სიყვარული მატერიალურ საკითხებში არასოდეს გამიცვლია. გაგვიმარჯვია და გავიმარჯვებთ, ღირსებით, სიმართლით და ერთობით. დიდება საქართველოს, მადლობა წალენჯიხას-აღნიშნულია ავთანდილ გაბელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.