მე მინდოდა მეთქვა ის, რაც სხვებმა ვერ თქვეს

  • ახალგაზრდა შემოქმედი დანიელ გერგედავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარიდანაა. იგი არის ფეხბურთელი ამჟამად ის თამაშობს წალენჯიხის ,,სქური”-ში, ამავდროულად წერს ლექსებს. ,,წალენჯიხელებთან”ამბობს, რომ წერა სამი წელია დაიწყო. “მიყვარს კითხვა და პოეზია. საყვარელი პოეტები გახლავთ: ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, გურამ ჯახუტაშვილი. შესანიშნავი წერის სტილი აქვთ და საინტერესო მიგნებები.

კითხვაზე, რას ეხებოდა მისი პირველი ლექსი, დანიელი პასუხობს, რომ მას სურდა დაეწერა იმაზე, რაზეც სხვები არ წერდნენ, ან ვერ წერდნენ: “მინდოდა, ჩემი აზრი ლექსებით გადმომეცა და მე ჩემი სათქმელი ამ ლექსით ვთქვი. ეს ლექსი იყო სამშობლოზე.

ფრაზა რომელიც ძალას გმატებს?

– ,,რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს, სამყარო უკეთესი გახადოს”.

– წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი და რაზე ოცნებობ?

– ჩემი ოცნებაც ისეთივეა როგორც ჩემი თანატოლების, – ერთიან საქართველოში ცხოვრებას ვგულისხმობ, უკეთეს მომავალზე ვოცნებობ და ამ იმედით ვცოცხლობ. წლების შემდეგ კი, როცა ბევრი დრო გავა, იმას დავჯერდები რაც დავიმსახურე, ჩემი მოქმედებებით, თუ უმოქმედობით.

საქართველო

დანიელ გერგედავა

გუშინწინ პირჯვარით ავყევი აღმართებს,

ირგვლივ კი ურჯულო ჩემს მიწას არჩევდა,

მეჩეთად მიქციეს ჯვარი რომ ავღმართე,

აკვანი წამართვეს დედა რომ არწევდა.

გუშინ კი მუქარით, ხატებზე გადასვლა

არაბმა მიბრძანა სხვა რჯულის დიდებით,

არ მწადის სხვა მიწით სამშობლოს გადაცვლა,

ღმერთია მოწამე არ გავიყიდები.

დღეს თავისუფლებას ზღუდავენ მიწებით,

იქ სადაც დედათა ცრემლები დენილა,

საფლავი გამევსო ოცი წლის ბიჭებით

და მაინც მიწა-წყალს ვეკუთვნი დევნილად.

ხვალ ალბათ საფლავებს წაბილწვა მოელის,

დაგლიჯეს სამშობლო ტყვეობის წამებმა,

რწმენაა საჭირო და ლოცვა ყოველის,

ჩვენ შევძლებთ იმას რაც ვერ შეძლეს მამებმა.

საუბარი ჩაიწერა მარიამ შამუგიამ

კომენტარის დატოვება