- „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა მუჟავას საჯარო სკოლის ეზოში, რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში. ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებში მნიშვნელოვანია და გამოთქვეს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, პროექტის მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის მზაობა.
ღონისძიება განხორციელდა ადგილობრივ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით. ახალგაზრდებმა, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა პროგრამები: ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, შეჯიბრი ჭადრაკში და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.