- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მერიის შიდა ეკონომიის საფუძველზე მობილიზებული თანხების (150 ათასი ლარი) მერიის ა(ა)იპ-ებისთვის გადაცემას მათივე მოთხოვნით.
“აღსანიშნავია, რომ ეს თანხა აღმასრულებელი რგოლის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. შესაბამისად, საკრებულოს წევრებს, რომლებმაც ზემოთხსენებულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს, ერთი დასაბუთებული არგუმენტიც კი არ მოიყვანიათ, თუ რატომ არიან ბიუჯეტის ცვლილების პროექტის წინაღმდეგნი. აქედან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საკრებულოს ყველა ფრაქციას – “ქართულ ოცნებას“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” და “წალენჯიხა-საქართველოსთვის”, რომ თითეულმა მათგანმა მხარის არდაჭერის მიზეზი წერილობით განმარტოს. მერია უფლებას იტოვებს, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჩაგდების მიზეზები იქნება არგუმენტირებული და დასაბუთებული, ხარვეზები დროულად გამოასწოროს და საკრებულოს ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ხელახლა წარუდგინოს. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც მერიის შიდა ეკონომიის საფუძველზე მობილიზებული თანხების (150 ათასი ლარი) მერიის ა(ა)იპ-ებისთვის გადაცემას ითვალისწინებს, უმნიშვნელოვნესია, რათა მერიას დაქვემდებარებულმა თითოეულმა ა(ა)იპი-მ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობა სრულფასოვნად შეასრულოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო საქმეების კეთება გააგრძელოს.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.