- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გუშინდელ განცხადებას ქ. ჯვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული ქმედებაა. აღნიშნული განცხადება არის ტყუილი. ბატონი გია ხარჩილავასთვის სიცრუის ტირაჟირება და ყოველი ფაქტის „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალების მცდელობა არახალია. მუნიციპალიტეტის მერი, ფაქტობრივად, იჭრება გამომძიებლის კომპეტენციაში და ბრალმდებელ პირად გვევლინება. აღნიშნული ფაქტი არის ძალიან სამწუხარო და იმედი გვაქვს, დადგინდება ჩამდენი პირის ვინაობა.
თუმცა, ნიშანდობლივი და საყურადღებოა, რომ ყოველი ფაქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტის მერს აღნიშუნლზე ააგოს პარტიული პიარი, სწორედ მისი მუნიციპალიტეტიდან თვეობით გაუჩინარების შემდეგ მობრუნებულზე პოლიტიკური „ძალის მოკრებასა“ და კონიუნქტურას დამონებულ ფარისველობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტიპის პარტიული განცხადებები არ უნდა ქვეყნდებოდეს მერიის გვერდზე, რადგან აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალური გვერდია და ერთადერთი მიზანი ინფორმაციული უზრუნველყოფა უნდა იყოს, ნებისმიერი პარტიული ხედვის მქონე ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, დამღუპველად მიგვაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბეჩავებული თამაშის ცრუ წესების მიღება და ლეგიტიმაცია”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. ფაქტს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან “ქართული ოცნება” და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან.