- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია.
“თქვენ იცით, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სწრაფი ტემპებით განვითარდა ძალიან დიდი მოვლენები და ის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად შეჩერებული იყო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით გააქტიურდა:
ესენია: ჭაბურღილების მოწყობილობებთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულება; ელექტროსისტემისა და სატუმბი სადგურების, შიდა ქსელების სამარაგო ავზის დატესტვა; ასევე, ავზში 2 000 ტონა წყლის მიღება და თითოეული წვრილმანის ზედმიწევნით და წარმატებით გავლა”.
გამრიცხველიანდა 1800 აბონენტი.
მისივე თქმით, წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების თითქმის ყველა ეტაპი დასრულებულია და პროექტი დასკვნით ფაზაშია, რაც წყლის სასმელად ვარგისიანობის ლაბორატორიულ შემოწმებას მოიცავს.
ქალაქის ყველა წერტილში წყლის მიღების სისტემა დატესტილია და ჩვენ, უკვე გადავედით შიდა დეზინფექციის ეტაპზე, რომლის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოში შედგებოდა და ასეც მოხდა, ამით პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით განხორციელდა. ახლა ჩვენ გადავედით დასკვნით ფაზაში, რაც წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას მოიცავს. გუშინ მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, ჭაბურღილებიდან მიღებული წყალი, რომელიც უკვე ავზში ჩაეშვა დასალევად ვარგისია. ეს ნამდვილად მთავარი ამბავია, რადგან წყლის ხარისხი სასმელად ვარგისიანობის სტანდარტებს შეესაბამება. ახლა უკვე, უბნების მიხედვით, გაყვანილობის სისტემის დეზინფექცირება ხდება, რომ გაკონტროლდეს წყლის ხარისხი, სხვა მხრივ ყველა ეტაპი გავლილია და როგორც გითხარით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დასრულებულია”, – განმარტა მერმა.
მოსახლეობასთან შეხვედრას გიორგი ხარჩილავასთან ერთად,
მერის წარმომადგენელი ქალაქ ჯვარში,პაატა წურწუმია და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი ესწრებოდა.
“წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. ამასთან, მან მოსახლეობისგან ითხოვა მაქსიმალური ჩართულობა, მრიცხველიდან საცხოვრებლამდე წყლის შეყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე პროექტის სხვა ეტაპია. ჩვენ ვაკონტროლებთ და ველოდებით ანალიზების პასუხს, ქსელში წყლის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რათა ჯვარის მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდებოდეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებენ”, – დასძინა წალენჯიხის მერმა.
აღსანიშნავია,რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები სრულდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს